ძალადობის
მსხვერპლის

პროფილი


წარმატების
ისტორია
ისტორია N3
ბენეფიციარის დღიურიდან
ავტორი
ზეკო ხაჩიძე

გრაფიკა
ანა ფრუიძე



ერთმა მეგობარმა მირჩია ფონდ "სოხუმში" მივსულიყავი. სტრესული ადამიანი ვარ. ოთხ ათეულ წელს გადაცილებული, არც ისე ადვილი ცხოვრების გზით. მიყვარდა, გავთხოვდი, შვილები გავაჩინე. მეგონა, მხოლოდ ოჯახში იყო ჩემი ვალდებულებაც და ბედნიერებაც. სადილის მზადების და ოჯახზე ზრუნვის გარდა, მეგონა, სხვა ფიქრი საკუთარ შესაძლებლობებზე არ მევალებოდა. მერე მოხდა ისე, როგორც ხდება ხოლმე. სიყვარულს ბზარი შეეპარა. ჩხუბი და კონფლიქტი გახშირდა. ბავშვები დაიძაბნენ. მე სადილის მზადების და ზრუნვის სიამოვნება დავკარგე. "ბედნიერება" ფასადურ ერთადყოფნად იქცა. ქმარმა ხშირად ხმის აწევაც დაიწყო, რაც ყვირილში და აგრესიაში გადაიზარდა. ბოლოს ფიზიკურადაც შემეხო. მე უფრო მოდარაჯე ვიყავი სახლის, ვიდრე სრულფასოვანი მცხოვრები. მითუმეტეს აღარ ვიყავი დიასახლისი, დედა და ცოლი. საქმეს ვეღარ ვეკარებოდი გულიანად. მოვალეობები მთრგუნავდა. საკუთარი თავის სიძულვილი დამეწყო და ვფიქრობდი, რომ არაფრის ნიჭი ჩემში აღარ არსებობდა. დაპატარავდა მეგობრების და ნათესავების წრე, რადგან ჩემს პრობლემებზე საუბრით, ან საერთოდ უხასიათობით, ყველას თავი მოვაბეზრე. ჰოდა, ამით დავიწყე მოყოლა.. ერთმა მეგობარმა (ასევე ჩემგან უკვე თავმობეზრებულმა) მირჩია ფონდი "სოხუმი", სადაც რაღაც საინტერესო ხდებოდა. და უცებ ფერადი ნამცეცების ლამაზ და მზიან ოთახში აღმოვჩნდი. პოლიმერული თიხა. ეს სიტყვები გამეგონა, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში მის როლზე არასდროს მიფიქრია. სახლიდან გარეთ გამოსვლამ, პატარა იმედი გამაყოლა, რომ ჩემი ოჯახის იქეთაც სამყაროა, მაგრამ ამ მზიან კუთხეში აღმოჩენამ, საათების მანძილზე დამავიწყა ჩემი სახლის მისამართზე არსებული პრობლემები. შემოქმედებამ გამიტაცა. გამიტაცა ახლის, თუნდაც უმნიშვნელო ფიგურების შექმნის რიტუალმა, ფერების შეხამებაზე ფიქრმა, თიხასთან ხელით შეხების სიამოვნებამ. მეგონა ახალ სამყაროს ვძერწავდი, ვიგონებდი, სადაც მე ბედნიერი ვარ და ნიჭიც დამიბრუნდა. აქ ჩემნაირი, ან უბრალოდ დაინტერესებული ადამიანები იყვნენ, ყველა საკუთარი პრობლემით, ფსიქოლოგის რჩევით, ოსტატის მხარდაჭერით და ფონდის თანამშრომლების უზადო ტაქტით. იცით რა გრძნობაა, როცა საკუთარ თავში ნიჭს აღმოაჩენ და გაგიკვირდება, თურმე რაღაცაში სასარგებლო ხარ.. ვიღაც შეგაქებს და შენი შექმნილი მოეწონება.. ამაზე სასიამოვნო თერაპია არ არსებობს. თავდაჯერებული გამოდიხარ. ხვალინდელ დღეზე ფიქრობ რა ფერები დააწყვილო, როგორ გამოძერწო დეკორი, სამკაული თუ სათამაშო, სასარგებლო, თუ უბრალოდ არაფრისმთქმელი ნივთი, მაგრამ აქ მთავარია შენ ქმნი! ეს არის წარმატება, რომელიც დღის სარეაბილიტაციო ცენტრში თქვენ მაჩუქეთ. და უნდა გავაგრძელო ჩემში ნიჭის ძიება.. ცხოვრების ხიბლი ამაშია. დაიჯერო საკუთარი შესაძლებლობების. სიყვარულის ბედნიერებაც ხო ესაა. მადლობა "სოხუმის" გუნდს. ახლა სადილს სხვა ფერებში ვუმზადებ ჩემს შვილებს და აქაც ჩემებურად "ვძერწავ".

ავტორი

ზეკო ხაჩიძე

ისტორია N2
ინტერვიუ სარკის მეორე მხარეს
ავტორი
ზეკო ხაჩიძე

გრაფიკა
ანა ფრუიძე
ვიდრე რესპონდენტს შევხვდი, თვითონ შემაწუხა ბევრმა კითხვამ, რომელსაც ჩემი გმირისთვის ვამზადებდი. ალბათ ყველა ქალს აქვს ასეთი ეტაპი. ეჭვი - სწორად ცხოვრობს თუ არა? შიში - ისე ექცევიან, როგორც იმსახურებს, თუ ეს ცხოვრების წესია, ან წესიდან გასვლა? როგორ ურთიერთობენ სხვა წყვილები? როგორ უვლიან პრობლემებს? როგორ ლაპარაკობენ მაშინ, როცა ღიზიანდებიან ცხოვრებისგან, ადამიანებისგან, სოციალური ტკივილებისგან. როგორ შემოდის ეს აგრესია ოჯახში და როგორ უნდა დახვდე, რომ ნაკლებად იტკინო და მასაც უთანაგრძნო. როდის იწყება ძალადობა?

ჩემი ინტერვიუერი მომხიბვლელი გარეგნობის ახალგაზრდა ქალია, ნიჭიერი, მგრძნობიარე, უნარიანი. ამ ელექტრონულ სამყაროში აუცილებლად შემოიხედავს, თვალს გადაავლებს და იტყვის, რომ მისგან ეს გზა უკვე გავლილია. მაგრამ ვინმეს, ჩემნაირს, ან ჩემგან განსხვავებულს, აუცილებლად შეაყოვნებს და საკუთარ თავთან აახსნევინებს ბევრ გაუმხელელ ბრაზს, კრიზისს, ღამისთევას, დილემას - სად შეგვეძლო ახალი ცხოვრება დაგვეწყო, ან შეგვეძლო თუ არა საერთოდ, როგორ მოგვეპოვებია საკუთარი თავისუფლება და სიმშვიდე, ღირსება, რომელიც არ ითმობა, უბრალოდ, ცვდება და ხასიათს გიცვლის.

ჩვენს ელექტრონულ სამყაროში, რომელიც ბევრის მეგობარი გახდება, ფონდი „სოხუმის" გამოცდილებაა, მისი უხილავი ძალა- თავიდან გიბიძგოს ბედნიერების გზის საძიებლად, რაც ყველა ადამიანის უზენაესი უფლებაა. მხოლოდ ამ დროს ხდება სრულყოფილად მშვენიერი სიცოცხლე, საქმე, დედობა, მეგობრობა, ადამიანად ყოფნა!

- როც ბოლო წლებში ტელევიზიით ხშირად ვისმენდი სხვადასხვა, ოღონდ ჩემს მსგავს ისტორიებს , მივხვდი, რომ ის, რაც მე მჭირდა, იყო ძალადობა!

ჩემი ისტორიის პერსონაჟმა ასე გაიაზრა, სახელი დაარქვა და თავისდაღწევის რეალური სურვილიც ამ წუთიდან დაეწყო. მანამდე არ არსებობდა ნამდვილი პროტესტი. მანამდე არსებობდა უხერხულობა, დათრგუნული ხასიათი, დახრილი თვალებით სიარული ქუჩაში და სახლში, პასიური თავდაცვა ქმართან ერთად მარტო ყოფნისგან, დამალვის სურვილი მისი არაფხიზელ მდგომარეობაში მოსვლის დროს, ბავშვებთან უწყინარი სიმულაცია - რომ თითქოს ოჯახია, ასეც ხდება და მერე რა, ყველაფერი კარგადაა. არადა, დრო გადის და არაფერი იცვლება. პირიქით. მძაფრდება.

პირველი, ვისაც შეეფარა, მშობლები იყვნენ. საბედნიეროდ, გაუმართლა. გაუგეს და უთანაგრძნეს. დაამშვიდეს, ეგონათ...

- წლების მანძილზე ბრძოლებით დაღლილი დავბრუნდი ჩემებთან. ცოტა ხნით დავმშვიდდი, სანამ ისევ არ მოხდა ძალადობის ფაქტი დაბრუნების მოთხოვნით. სანამ თავზე არ დამამტვრია და გამინადგურა ყველაფერი, რაც ჩემს პროფესიასთან მაკავშირებდა, რაც საკუთარი შესაძლებლობების პატარა იმედს მაინც მაძლევდა. განაჩენივით ამისრულა ეს. მაშინ ალბათ, ყველაზე დიდი შოკი დამემართა, მაშინ ალბათ ყველაზე დიდი ემოციური ტალღა ვიგრძენი, რამაც გამაბედინა, ჩემს უბედურებაში სხვა ადამიანების შველა ბოლო ხმაზე მეთხოვა.

ამის შემდეგ გაიგო, რომ ფონდი „სოხუმი" არსებობს. არსებობენ ადამიანები, ვინც ამ დროს ჯადოსნურ ხელს გიწვდიან, გისმენენ, გარიგებენ, გშველიან, გეფერებიან, გასწავლიან, გაბედინებენ მუხლი ისევ გამართო და ნაბიჯი გადადგა! როგორც კი ტკივილებისგან გონება და სხეული დაეწმინდა, გადაწყვიტა ფართოდ გახელილი თვალებით შესულიყო ამ სამყაროში!

- ფონდ სოხუმში" მისულს მახსოვს ჩემი განცდა .. მეშინოდა ადამიანების და ვიყავი დაძაბული.. მეშინოდა უთქმელი განკითხვის, გაუმხელელი რეაქციის, ყველაფრის.. ჩემი გადაწყვეტილებისიც კი მეშინოდა. მაგრამ იქ დამხვდა არაჩვეულებრივი გარემო არაჩვეულებრივი ადამიანებით. თითქოს ყველასთვის იყო საერთო წესი - სითბო და გულისხმიერება, ღიმილი და ზრუნვა. ფონდ „სოხუმის" განწყობა ოჯახური სიმშვიდის კომფორტად მივიღე და ძალიან მალე, მის ბუნებრივ ნაწილად ვიგრძენი თავი. აქ მოხდა ჩემი სოციალიზაცია. ნელ-ნელა ძველი ცხოვრების დავიწყება მარტო ურთიერთობით, ფსიქოლოგთან, ან იურისტთან კონსულტაციებით კი არა, სწავლის თერაპიით, რომელიც ყველაზე გარდამტეხი აღმოჩნდა ჩემთვის.

ჭრა-კერვის გაკვეთილებს ქალბატონი მანანა ატარებდა, რომელიც ფონდის ხელმძღვანელობას, გასაუბრებით, რამდენიმე სერიოზული გამოცდილების მქონე პრეტენდენტს შორის ყავდა არჩეული. თავისთავად, საუკეთესო უნდა ყოფილიყო არა მარტო პრაქტიკული პროფესიონალიზმით, არამედ პიროვნული უნარებითაც.

ქალბატონი მანანა 3 თვის მანძილზე, კვირაში სამი დღე და დღეში ორსაათნახევარი მუშაობდა ჯგუფთან, რომელშიც ჩემი ინტერვიუს გმირი იჯდა.

- კარგებს შორის საუკეთესო იყო. მიზანდასახული, ნიჭიერი, ყურადღებიანი, განათლებული, ლამაზი, თბილი, მოკლედ ბევრი ღირსებით. წუთს არ კარგავდა. საოცრად სუფთად მუშაობდა. ყველა გაკვეთილზე ახალ თარგებს ვარჩევდით და გამოგვყავდა, მერე ნიმუშებს ქმნიდნენ და იმპროვიზირებდნენ. მას ყოველთვის განსაკუთრებული შედეგი ქონდა და ყოველთვის მეტ ინფორმაციას ითხოვდა. სანიმუშო სახელოსნო გვქონდა, ტექნიკური ბაზით და ყველა საჭირო რეკვიზიტით - იხსენებს ფონდ „სოხუმის" პედაგოგი- ჩვენ დღემდე ვმეგობრობთ და გამოცდილებას ვუზიარებთ ერთმანეთს, რადგან ეს პროფესია მისი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი არჩევანი გახდა. ბედნიერი ვარ, რომ ფონდ „სოხუმის" ნაწილი ვარ ამ უაღრესად საჭირო და კეთილშობილ პროექტში.

პედაგოგის მონათხრობი მოვუყევი. გაიღიმა. ესიამოვნა და უფრო დამაჯერებელი, უკვე საქმეში გამოცდილებით გაზრდილი ადმაიანის ტონით გააგრძელა მისი ისტორია:

- დიახ, ფონდ სოხუმში" მივიღე მე მთელი ცხოვრების მანძილზე ჩემთვის ნამდვილად გამოსაყენებელი და სასარგებლო პრაქტიკულ-თეორიული ცოდნა კვალიფიციური ტრენერებით, მივიღე პირველი პარტნიორული მხარდაჭერა ორგანიზაციის ხელმძღვანელობისგან თამამი სტარტისთვის, რამაც მე და ჩემი ბიზნესი ფინანსურად გაგვაძლიერა, მომცა სითამამე,- მეფიქრა მომავალში ახალ მოლაპარაკებებზე და პროექტებზე, მომეძიებია ახალი მოკავშირეები და დღეს, შემიძლია ვთქვა, წარმატებული ქალი ვარ, რომელიც ყოველ დღე, ცდილობს გაზარდოს და განავითაროს საქმე, რომლითაც არსებობს. არ იფიქროს წარსულზე, რომელიც ფონდ „სოხუმის" ზღურბლზე გადაბიჯებამდე დარჩა.

ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ. იმდენი, რამდენიც საქმეს არ ვნებს დაკარგული დროის თვალსაზრისით. რადგან ჩემი გმირი დღეს სხვა დღის წესრიგით ცხოვრობს და ყველა წუთი მისთვის ძვირფასია. ვილაპარაკეთ შვილებზე, მისი სიცოცხლის აზრზე და იმედზე, რომლებთანაც ახლა კონკრეტული მოტივაციები აქვს - სახლი უყიდოს, მოუწყოს, გაუთბოს, დამოუკიდებლად არსებობის ბაზა გაუჩინოს, რომ არასდროს შეეშინდეთ გაუმართლებელი ურთიერთობებიდან თავის დაღწევის. ვილაპარაკეთ ადამიანებზე სახელებით, ხასიათებით, მნიშვნელობებით, რომლებმაც მისი ახალი ცხოვრების დასაწყისში დიდი როლი ითამაშეს ფონდ „სოხუმთან" ერთად.

- ბედნიერი ვარ, რომ ერთ დღეს ამ ფონდის კარი შევაღე. მადლობა იმისთვის, რომ კარგად ვარ, რომ შემიძლია და მარტო ვზრუნავ ორ შვილზე, რომ გამართული ბიზნესით ვეჭიდები ცხვრების ახალ გაოწვევებს. მინდა ბიზნესის გაფართოება და სიახლეების შეტანა უკვე არსებულ საქმეში.

რაც შეეხება „მსხვერპლის" სტატუსს და წარსულის ძალადობას.. არ ვიხსენებ, ან თუ ვიწყებ, ვჩუმდები! ერთი წლის წინ თავს პირობა მივეცი, რომ უნდა დავივიწყ, ყველაფერს დავარქვა სიზმარი და თუ ფიქრი მოვა, განვდევნო!

მე დღეს, თავისუფალი, ბედნიერების პატარა საფეხურზე ვდგავარ და გზის გაგრძელებას ვაპირებ, სადაც ჟანგბადიც კი სხვანაირია! მადლობა თქვენ!

ეს საიტი ნამდვილი ამბების საოცარი თავშესაფარია. ხან ანონიმური რესპონდენტებით, ხან კიდევ გამხელილი სახელით და გვარით, ოღონდ ნამდვილი! გამიმართლა, რომ „წარმატების ისტორიების" ერთ-ერთი ავტორი გავხდი და უფრო მეტი ვიფიქრე - რა არის ძალადობა? მსმენელი ვარ, მკითხველი თუ მეც, ისე როგორც ბევრი, ამის(ძალადობის) გაუცნობიერებელი ნაწილი, რომელიც ჯერ ვერ ვაღიარე. და, შენ როგორ ფიქრობ? ხარ ძალადობის მსხვერპლი?

p.s.: სანამ მზა პასუხი ამოგცდებათ, ცოტა ხანს ჩემთან და ჩვენი გმირების განცდებთან ერთად იფიქრეთ. ძალიან ძნელია, გატყდე. ძნელია საკუთარ თავთანაც კი ამაზე დიალოგი. და თუკი მაინც, ფიქრი დაიწყეთ, ესეიგი თქვენ საჭირო სივრცეში აღმოჩნდით და ჩვენ ერთმანეთს აუცილებლად გავაძლიერებთ.

პატივისცემით,

ზეკო ხაჩიძე

ისტორია N1
"შიშისა და ძალადობისგან თავისუფალი გზით"
ავტორი
ზეკო ხაჩიძე

ფოტო
ლინდა ჩიხლაძე

გრაფიკა
ანა ფრუიძე
შეხვედრა

თამარ მეფის ქუჩაზე, ყოველ დილით, სანამ ქალაქი ლამაზ სიზმარშია, ერთი კეთილთვალებიანი გოგო, სტაფილოსფერ უნიფორმაში, საკუთარ საქმეს სიყვარულით აკეთებს და ჩვენთვის ყოველდღიურ გზას და ბორდიურებს ასუფთავებს, უფრო რომ გვსიამოვნებდეს მასზე სიარული, მისი ცქერა.

„მომწონს, რასაც ვაკეთებ, რისთვისაც ვაკეთებ და, რაც მთავარია, ბედნიერად ვგრძნობ თავს. დაფასებულად"- ამბობს ეკა (სახელი პირობითია), რომელსაც ქუთაისის მერმა, სულ ცოტა ხნის წინ, ბევრი ფერადყვავილებიანი თაიგული მადლიერებით გადასცა.

ეკამ იცის სუფთა გზის ფასი.

ამ გზის საპოვნელად ბევრი გამოიარა ტკივილიც, დამცირებაც, ძალადობაც, განშორებაც, შვილებთან ერთად ღია ცის ქვეშ ყოფნაც...

დიდხანს მოდიოდა...

„პირველად მზერა ადამიანებს თავშესაფარში გავუსწორე გაუბედავად. თვეების მანძილზე არ გამოვდიოდი ოთახიდან, ურთიერთობები არ შემეძლო, მეგონა, რომ ამის უფლებაც არ მქონდა"...

თავშესაფარში კეთილი პერსონალის მზრუნველობამ გაალღო. ვარცხნილობა შეუცვალეს, ახალი გარდერობი მოუმზადეს, სიტყვები დაუშაქრეს, გრძნობები გააბედინეს და სთხოვეს - სხვა სამყარო აერჩია საკუთარი მომავლისთვის.

სწორედ ამ ზრუნვით მოიყვანეს, პირველად, ჩვენს ფონდშიც, სადაც სათანადო კვალიფიკაციის ადამიანებს ანდობდნენ ეკას საუკეთესო გარდასახვას. „ქალბატონი ალლა, ლელა, მანანა და ემა, კიდევ - ყველა დანარჩენი, ვისაც ვეხებოდი, ჩემი ცხოვრების ახალი აზრი და იმედი ხდებოდნენ. მეუბნებოდნენ, რომ სრულფასოვანი ადამიანი ვარ, ხვალინდელ დღეზე, საკუთარი თავისთვის და შვილებისთვის უნდა ვიზრუნო, ვივარგო, საქმე ვისწავლო, პროფესია გავიჩინო, საკუთარი თავის და შესაძლებლობების იმედად ვიარსებო...

დღემდე გრძელდება ეს მეგობრობა. „ფონდ „სოხუმში" ლაპარაკი დავიწყე. ხმამაღლა ლაპარაკი საკუთარ წარსულზე და საკუთარი აზრების გამოთქმა გავბედე - რა მინდოდა და რა არა, რა მომწონდა და რა - არა. ამ ადამიანებმა დამაჯერეს, რომ მეც მაქვს არჩევანის უფლება".

ეკასთვის თავშესაფრის და ფონდი „სოხუმის" კეთილი ფერიების „შვილობილობის" მერე სულ სხვა ცხოვრება დაიწყო. დაიწყო და გრძელდება... ულამაზეს შვილებს დედის სიტკბო და მეგობრობა აქვთ. ძველ ნაცნობებს, ეკას არსებობაც რომ არ ახსოვდათ, მისი მოკითხვის და მასთან ახლობლობის სურვილი გაუჩნდათ, იპოვეს, ესტუმრნენ, მასპინძლობაც შეთავაზეს. ახალი მეგობრები და ადამიანები გაჩნდნენ მის ცხოვრებაში, ყოველმა დღემ ახალი შინაარსი მიიღო, უფრო სასურველი, უფრო ბედნიერი, უფრო ფერადი.

„კარგია ადამიანობა. კარგი ყოფილა. წლების წინ ამას გულშიც ვერ ვიტყოდი, ისე ვწყევლიდი გაჩენის დღეს. თვითონვე მიკვირს, დღეს უკვე რა ზუსტად ვიცი, რომ ამ ცხოვრებას არავის დავანგრევინებ, საკუთარი სახლიც მექნება და ჩემს შვილებთან ერთად საღამოობით ჩაის ტკბილად დავლევთ და ტელევიზორს ვუყურებთ. ვილაპარაკებთ ბევრს და მხოლოდ კარგზე. ამისთვის ვშრომობ და ყველაფერი შემიძლია. ეს თქვენ მაჩუქეთ - ცხოვრება თავიდან" - ამბობს ფონდი „სოხუმის" იმ ოთახში, სადაც ორი წლის წინ პირველად მოვიდა და მოგონებებს, როგორც მშობლიურ ოჯახს, ისე უღიმის. იცის, რომ მარტო არცერთი პრობლემის დროს აღარ იქნება...

გარდასახვის რეფლექსია

...როგორ ხდება, ასეთი ტრავმის მერე, ადამიანი თავიდან რომ იწყებს ცხოვრებას, თავიდან დგება ფეხზე, იჩენს ნდობას და ახერხებს გატეხილი სულის, ენერგიის, შესაძლებლობების აღდგენას? ჩვენი ბლოგიც ამ გზის აღწერას ეძღვნება. გზისა, რომელზეც შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს მოუწიოს გავლა და ფონდი „სოხუმი" ყველას ღირსეული თანამგზავრი იქნება.

2019 წელს ეკა, ორი მცირეწლოვანი შვილით, ქუთაისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში (თავშესაფარი) მოხვდა. რთული ისტორია ჰქონდა. ბავშვობიდან მოყოლებული, მუდმივად პრობლემების და გამოწვევების გადალახვა უხდებოდა. არასდროს ჰყოლია ნამდვილი გულშემატკივრების და მხარდამჭერების წრე. მოგვიანებით, მეუღლის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

„ეკასთან და მის შვილებთან თავშესაფრის სპეციალისტებმა (ფსიქოლოგი, იურისტი, სოციალური მუშაკი) დაიწყეს ინტენსიური მუშაობა, რაც მიზნად ისახავდა საჭიროებების და პრობლემების კვლევას, მისი გაძლიერების, მოტივაციის გაზრდის, უსაფრთხოებაზე ზრუნვის მიზნით" - გვიყვება თამარ კეპულაძე, ქუთაისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების უფროსი.

ეკა ჩართეს სარეაბილიტაციო სესიებში, დახმარება გაეწია დასაქმებაში, მიიღო სამედიცინო მომსახურება. ბავშვები შევიდნენ საჯარო სკოლაში და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში. ფსიქოლოგმა დაიწყო ეკასთან ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპიის კურსი ფსიქოტრავმების გადამუშავების და რესურსების გაძლიერების მიმართულებით. სამოქალაქო დავის პროცესში, რომელიც ეკასა და მისი ყოფილი ოჯახის ერთ-ერთ წევრს შორის მიმდინარეობდა, იურისტი ჩაერთო.

არასამთავრობო ორგანიზაცია კულტურულ-ჰუმანიტარულ ფონდ „სოხუმში" ეკას რეფერირება თავშესაფრის დატოვებამდე მოხდა. აქაც გაუჩნდა ახალი ურთიერთობები, გულშემატკივართა კიდევ უფრო ფართო წრე, რომელიც თავშესაფრიდან გამოსული მსხვერპლისთვის, ზოგადად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და, მეტ-ნაკლებად მაინც, სტაბილურობის და დაცულობის გარანტია.

ეკა მონდომებით ჩაერთო ფონდი „სოხუმის" მიერ ძალადობის მსხვერპლთათვის პროფესიული სწავლების პროცესში. ასევე, სრული კურსი გაიარა ფსიქოლოგთან, რომელიც განსაკუთრებით დადებითად აისახა მისი ფსიქო-ემოციური რეაბილიტაციის დინამიკაზე. ფონდმა დროებით ეკას და მისი შვილებისთვის ბინის დაქირავებაც შეძლო, ყოველდღიური გარემო შეუცვალა, დაეხმარა ყოფითი და ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაში, დასაქმებაში.

ფონდმა „სოხუმმა" ბენეფიციარის მხარდაჭერისთვის სოციალურ პარტნიორთა ქსელიც შექმნა, რომელშიც ფონდის ფსიქოლოგი და იურისტი, თავშესაფრის იურისტი, მუნიციპალიტეტის ბავშვის უფლებების დაცვის განყოფილება და სახელმწიფო სოციალური მუშაკები გაერთიანდნენ.

ქსელი პერიოდულად იკრიბება, აჯამებს მუშაობას, გეგმავს ახალ ღონისძიებებს ძალადობაგამოვლილი ქალის უსაფრთხოებისა და სოციუმში მისი ინტეგრაციისთვის.

დაახლოებით ასეთია გზა, რომელიც ეკამ 2019 წლიდან დღემდე გამოიარა. ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების, ფონდი „სოხუმის", სამეგობრო ქსელის თანადგომით ისწავლა პრობლემებთან გამკლავება, აუმაღლდა თვითშეფასება, გახდა დამოუკიდებელი, გაუჩნდა შემოსავალი, ისწავლა გადაწყვეტილების მიღება და საკუთარი უფლებები, გახდა მოტივირებული, დაიწყო დამოუკიდებელი ცხოვრება შვილებთან ერთად და დღეს ეს გზა ჩვენი ორგანიზაციისთვის ბენეფიციართან ერთად მიღწეული წარმატების ისტორიაა.


ავტორი
ზეკო ხაჩიძე

Made on
Tilda